|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

"პარიზში მკითხეს:„იტალიანო?“, - რა იტალიანო, „გაღლეტილიანო!“

 ქუთაისელი მხატვარი, მოქანდაკე, ჭედურობის დიდოსტატი, დიზაინერი, საქართველოს მხატვართა და დიზაინერთა კავშირების, საქართველოს მწერალთა, ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი  გივი იობიძე "ნიუპრესის" სტუმარია. 

- გვიამბეთ თქვენს შესახებ

- ტიპური იმერული ოჯახიდან მოვდივარ, სადაც ქართულ ტრადიციებს  და ზნე-ჩვეულებებს დიდ პატივს სცემდნენ. დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი ვარ. მათ დიდი ამაგი აქვთ ჩემზე, სტუდენტობის წლებში მაფინანსებდნენ, რადგან მშობლები უკვე მოხუცები იყვნენ.

-პირველი ნაბიჯები ხელოვნებისაკენ... როდის აღმოაჩინეთ, რომ მხატვრობის ნიჭი გქონდათ?

-ხელოვნების ნიჭი, ვფიქრობ, მამაჩემიდან მოდის. პატარა ვიყავი, ტუფის ქვიდან სააღდგომო კვერცხი რომ გამოვძერწე. მერე იყო საქართველოს რუქა. მამა 78-ს გადაცილებული იყო, სამხატვრო აკადემიაში რომ მოვეწყვე. პირველად, როგორც იქნა, მეხუთეკურსელს  მომიწონა ვერცხლის ბეჭედი. მაშინ ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი. მანამდე ვალერიან მიზანდარის შეფასებამ შემასხა ფრთები, როცა თავისი მასწავლებლის იაკობ ნიკოლაძის ნიღაბი ჩამოხსნა კედლიდან და მითხრა,  გამოძერწეო. დამთავრებული არ მქონდა, რომ აღტაცება ვერ დამალა და მითხრა, - მე შენ იაკობი გამიცოცხლეო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემში იყო  ნიჭი, რომელიც რაიმე ძალას უნდა გაეღვიძებინა, ბიძგი მოეცა და გზა ეჩვენებია. სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდები რომ ჩავაბარე, პირველად მიზანდარის სახელოსნოში მივედი, ხარაჩოზე იყო ასული და ქანდაკებაზე მუშაობდა. უჰ, რა კარგ დროს მოხვედი, თიხა შემომაკლდა, მომაწოდეო, მითხრა  და მერე, ვითომ სხვათაშორის, დაამატა, კიდევ ორი ბიუსტი გვაქვს გასაკეთებელიო. ამით მისთვის დამახასიათებელი დიდსულოვნება გამოხატა.

 აკადემიაშიც უშუალო და თბილი ურთიერთობა მქონდა პროფესორ-მასწავლებელთან. თანაკურსელებმა „კოსტაია“ შემარქვეს, რადგან იმერული მიმართვა („მობრძანდი ბატონო“, „დაბრძანდი ბატონო“ ) და ჩვევები გამყვა ქუთაისიდან და მიზანდარიდან. აი, აქ ჩამოთვლილი ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ხელოვანი მქვია, სწორედ მათ დატოვეს ჩემს სულსა და გონებაში ღრმა კვალი.

-ქუთაისში უამრავი მეგობარი გყავთ, გვიამბეთ მათ შესახებ

-კი, უამრავი მეგობარი მყავს: უბნის, სკოლის, სამხატვრო აკადემიის, ავტოქარხნის, მხატვართა კავშირში, ქუთაისელთა საზოგადოებაში“, მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში, ჩოხოსანთა საზოგადოებაში, მსახიობები, ოპერის მომღერლები . . . როცა გაგვჭირვებია, მჭადი და ყველი გაგვიტეხია, მდელოზე არყის ბოთლთან ერთად დილის პირველი სხივი შემოგვსწრებია,  სათაფლიის ტყეში, თოვლში მუხლამდე ჩაფლულებს,  მოქუჩებულ ფოთლებს შორის გაზაფხულიც გვიპოვია. ჟურნალისტ ჟორა ცხადაძის არ იყოს, “ათასი კაცის დაბადების დღეზე თითო ჭედური ნამუშევარი მაინც  მაქვს მოძღვნილი“.   თითეულთან შეხვედრა დღეს სასიამოვნო მოგონებებს აღმიძრავს.

-თქვენი ნამუშევრების შესახებ რას იტყვით?

-ჩემი ნახელავი უფრო დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებია. ვქმნი ჭედურ ნამუშევრებს რელიგიურ, დეკორატიულ, ასევე საყოფაცხოვრებო თემებზე. ვმუშაობ ფლომასტერით, პასტელით, ვქმნი გრაფიკულ პეიზაჟებს, როგორც ამბობენ, მაქვს გამორჩეული, ჩემეული სტილი. მოზაიკაც ვცადე, კერამიკაც. ავტორი ვარ საფირმო ნიშნების „აია“-ში, სტუდიების დიზაინის - ტელეკომპანიაში „რიონი“. ორიგინალური ქმნილებები - ჭაღები მაქვს შექმნილი სოლომონ მეფის სასახლეში, უფლის სახლებში: ქუთაისში ილარიონ ქართველის ტაძარში, მცეთაში, წმ. ბასილ დიდის მონასტერში, ჭიათურაში - ღვთისმშობლის დედათა მონასტერში, ს. სვერში წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელიც შვილთან, ინგასთან ერთად შევასრულე. მან ჭაღისათვის თექვსმეტი წმინდანის ხატი დაწერა.

-თქვენი პორტრეტი ცნობილ მხატვრებს, მოქანდაკეებს აქვთ შექმნილი, რატომ იყვნენ დაინტერესებული თქვენი გარეგნობით?

-არ ვიცი, ალბათ, იმერლებისათვის დამახასიათებელი სახასიათო გარეგნობით ვიპყრობ ყურადღებას. ამ შტრიხებს ავტოშარჟშიც ვიყენებ. ცნობილმა ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა ფრანგული კინოფილმების მუშკეტერს მიმამსგავსა. ფრანგებმა 80-იან წლებში პარიზში ყოფნის  დროს, ტყავის ლაბადაში გამოწყობილს, მკითხეს: „იტალიანო?“, რაის იტალიანო, „გაღლეტილიანო!“ - მივუგე და ეს ფრაზა კარგახანს მეტსახელად შემარქვეს. პოლონეთში სურათიც გადამიღეს და მიაწერეს „გივი ალექსანდროვიჩი“ - სხვა ერის წარმომადგენლად მომნათლეს. ასე, რომ საბჭოთა პერიოდში ვინ ვიყავით, სხვა ქვეყანაში ვერ ვხსნიდით, რადგან რუსეთის დელეგაცია გვერქვა. ისე ჩემი პორტრეტები, მართლა ბევრს აქვს შესრულებული სხვადასხვა ჟანრში. ვალერიან მიზანდარს, გოგილო ნიკოლაძეს, ელგუჯა ამაშუკელს, რობერტ მათიაშვილს, რობერტ მნაცაკანიანს, ვიტალი კაპანაძეს, გივი თოდაძეს, თემურ თადუმაძეს, მერაბ გიორგაძეს, ვალერი მეძმარიაშვილს, დიტო შანიძეს, დათო კაპანაძეს, პლენერის  შემოქმედებით ჯგუფის მხატვრებს უკრაინიდან, რუსეთიდან, შუა აზიიდან.

-კულტურის სახლისთვის გიგანტური ჭაღი და ბრები  მეგობრებთან ერთად  შეგიქმნია, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. ალბათ, თქვენთვის დიდი ტრაგედია იყო. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, თუ გიმუშავიათ მსგავს პროექტებზე?

 -ავტოქარხნის კულტურის სახლის ჭაღი და ბრები, მართლაც, საუკეთესო ნამუშევარი იყო და საყოველთაო აღიარებაც  მოიპოვა კავშირის მასშტაბით. მსახიობმა და ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ ვილიამ მეილანდმა 1980 წელს, როცა ეს ჭაღი ნახა,  აღფრთოვანება ვერ დამალა და უნიკალური ხელოვნების ნიმუშად შეაფასა, სტატიაც გამოაქვეყნა ჟურნალში „ტვორჩესტვო“. დასანანია, რომ საქართველოსათვის ძნელბედობის წლებში კულტურის სასახლე დაიწვა და ჭაღიც  და ბრებიც განადგურდა. იმ დროს სამძიმარს მართლაც მიცხადებდნენ ნაცნობებიცა და უცნობებიც, ქარხანა გაჩერებული იყო და სახლში მირეკავდნენ. სამაგიეროდ, კრასნოდარის კულტურის სახლში ახლაც აქვთ მსგავსი უნიკალური და გიგანტი ჭაღი, რომელიც მათივე თხოვნით რუსული სტაბილიზებით შევასრულეთ. ჩემი ცხოვრება და შემოქმედება წლების განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან, ვხელმძღვანელობდი მხატვარ-დიზაინერთა ბიუროს. პლასტელინით ნატურალურ ზომაში მაქვს შესრულებული სატვირთო ავტომობილი. მოსკოვიდან მინისტრი ჩამოვიდა დასათვალიერებლად, მიიყვანეს მანქანასთან და კარების გაღება მოისურვა გამოსწია და ხელში შერჩა  პლასტელინის სახელური. ქართული ავტომობილის მაკეტით მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც რესპუბლიკურ, საკავშირო, ისე საერთაშორისო გამოფენებზე ტოკიოში, დელიში, კალკუტაში, ვარშავასა და ბუდაპეშტში. სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციაში რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ფინეთში. როგორც მხატვარ-კონსტრუქტორმა და დიზაინერმა დიდი გამოცდილება შევიძინე მთავარი კონსტრუქტორის  სამმართველოს არაჩვეულებრივი კოლექტივიდან, სადაც პროფესიონალი ინჟინრები მუშაობენ. ასევე, პარალელურად, შემოქმედებით საქმიანობას ვეწეოდი, ვმონაწილეობდი მხატვართა პლენუმებზე.

-რომელი პერიოდს მოიგონებდით, რომელიც განსაკუთრებულად ძვირფასია თქვენთვის?

-სიამოვნებით ვიგონებ იმ წლებს, როცა კულტურის სახლში ხატვისა და დიზაინის წრეს ვხელმძღვანელობდი და ახალგაზრდებს ხელოვნების სიყვარულს ვუღვივებდი. ერთხელ, მეცადინეობაზე ჩემი მოსწავლე გიორგი ელიავა წამოდგა და მითხრა: ხატვის კვირეულში მივიღე მონაწილეობა, დათვალიერებაზე მხატვრები იყვნენ მოსულები, შემაქეს და მკითხეს, ვინ არის შენი ხატვის მასწავლებელიო - იობიძეთქო - ვუპასუხე. ჭაღარა, გამხდარმა კაცმა მითხრა  - გადაეცი გივის ამაგიც და ვალიც გასტუმრებულიაო. ცრემლი ვერ შევიკავე, მივხვდი, ვინც იყო. მიზანდარს სულ ვეუბნებოდი: თქვენთან მუდამ ვალში ვარ, ამაგსაც ვერასოდეს გადავიხდითქო. „გივი მასწ. ტირით?"- გაოცებული დარჩა ბავშვი. როგორც უნდა ამეხსნა იმ ყმაწილისთვის, თუ რა იყო ეს,  ბედნიერების ცრემლი, თუ ჩემი ოსტატის და გამზრდელის მიმართ გამოთქმული სიყვარული, თუ ორივე ერთად?  სხვადასხვა დროს ვმუშაობდი პედაგოგად ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სახალხო თეატრის  მხატვრად კულტურის სახლში. გაფორმებული მაქვს სპექტაკლები: „შუშანიკის წამება“, „ხევისბერი გოჩა“, „გლახის ნაამბობი“ და სხვა.

-ახლა რაზე მუშაობთ ?

-ამ ეტაპზე ვქმნი ჭედურ ნამუშევრებს რელიგიურ, დეკორატიულ, ასევე საყოფაცხოვრებო თემებზე. 

-თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ

-მეუღლე ლიანა ზიბზიბაძე აფხაზეთიდანაა, განთიადიდან.  კარგი მოგონებები მაკავშირებს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხესთან, მოყვრებთან. ლიანა ჩემს გვარს ატარებს. თბილისში სწავლობდა და სტუდენტობის წლებში გავიცანით ერთმანეთი. ლექსი, რომელიც ჩვენს პირველ შეხვედრას მიუძღვნა, ასე მთავრდება: „ბედნიერება ფეხშიშველი გამორბის ჩემსკენ და ნატერფალში ჩამდგარ სევდას მზე ხაპავს პეშვით“.  ეს შეხვედრა და პირველყოფილი „ფეხშიშველი ბედნიერება“ დაედო საფუძვლად ჩვენი ოჯახის შექმნას, რომელსაც  მალე ქორწინებიდან ორმოცი წელი შეუსრულდება.  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი