|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

"სულ რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება" - ბიძინა ივანიშვილი პენსიაზე გადის

ბიძინა ივანიშვილი პოლიტოკიდან მიდის. ამის შესახებ ის თავის წერილში წერს, რომელიც დღეს გავრცელდა. როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  აცხადებს, პოლიტიკაში მისი მისია შეასრულა. 

მისი თქმით, რამდენიმე დღეში 65 წლის გახდება, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი პოლიტიკიდან წასვლის. 

როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

„მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“ - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია.

„ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“ - აცხადებს ივანიშვილი.

 

ავტორი: ნიუპრესი