|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

"ცოდვის ტირილია კოვიდცენტრებში" - რას ყვება ექთანთა პროფკავშირის თავმჯდომარე

რა მდგომარეობაა კოვიდცენტრებში და არიან თუ არა მზად სამედიცინო დაწესებულებები პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად? არიან თუ არა საკმარისი რაოდენობის ექთნები, რომელთა მხრებზეც სამუშაოს დიდი ნაწილი გადადის და რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა? ამ საკითხებზე "newpress.ge" საქართველოს  ექთანთა თავისუფალი პროფესიული კავშირის „სათნოების“  ხელმძღვანელს თამარ  ფანჩულიძეს ესაუბრა. ის ასევე ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ბავშვთა ქირურგიული განყოფილების უფროსი ექთანია. ეს დაწესებულებაც უკვე კოვიდმიმღებ ცენტრად გადაკეთდა.

-თქვენს პროფკავშირში გაერთიანებული არიან ექთნები, რა ინფორმაციას ფლობთ მათგან, რა პირობებში უხდება სამედიცინო პერსონალს კოვიდცენტრებში მუშაობა?

-კოვიდცენტრებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევენ. ამით გაღიზიანებულია ბევრი პაციენტი, რომ სტაციონარში ვერ თავსდება, რაც გასაგებია. ამ რაოდებობით პაციენტის მისაღებად არც სამედიცინო დაწესებულებები იყვნენ მზად, ვეღარ უძლებს პაციენტების ამ რაოდენობას ვეღარც პერსონალი...  არავის უნდა, რომ პაციენტი დაეღუპოს, ექიმიც, ექთანიც ცდილობს მაქსიმალურად მიაქციოს ყველას ყურადღება, ყველასთან მივიდეს, მაგრამ ხშირად ეს  ფიზიკურად ვერ ხერხდება. მედპერსონალიც იღლება.. ცოდვის ტირილია კოვიდცენტრებში.

-ცოტა ხნის წინ ქუთაისში კოვიდინფექციისაგან გარდაიცვალა ექთანი. რამდენად არის მედპერსონალი დაცული ინფექციისგან და აქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობით პირბადები, ხალათები და რაც საჭიროა ვირუსის პრევენციისათვის? 

-ჩვენი პროფკავშირის წევრები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან დასაქმებულები. ნიღბები და ვირუსისგან პრევენციის საშუალებები რომ არ ქონდეთ, მათგან ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ხდება ისეც, რომ ადამიანები არ ამხელენ, რომ კოვიდინფიცირებულებთან ქონდათ შეხება, ან არ იციან. ასეთი შემთხვევები ხდება სამედიცინო დაწესებულებებშიც და მის გარეთაც. 

ჩვენთან დაავადდა განყოფილების გამგე, ძალიან გაურთულდა მას მდგომარეობა, ახლაც ჩვენთან წევს და აგრძელებს მკურნალობას, მაგრამ სად მოხდა მისი ინფიცირება, ამის დადგენა ძნელია.

-რამდენად არის ექთნების შრომა ანაზღაურებული?

 -ექთნებს აქვთ თავდაუზოგავი შრომა. ამხელა შრომას რომ დებს ადამიანი და სიცოცხლეს რისკავს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გასამჯელო. ჯერჯერობით, ამას სამწუხაროდ,  ვერ ვხედავთ. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს. ხელფასი გამომუშავებით არ უნდა იყოს. ბევრი ექიმიც უკმაყოფილოა ხელფასით. ექიმი 15 ოპერაციას თუ გააკეთებს, მეტი ხელფასი უნდა ქონდეს და თუ არ გახდა საჭირო ოპერაციის გაკეთება, მაშინ არ უნდა ქონდეს ხელფასი?  ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა,  გადასახედია. რაც შეეხება კოვიდდაწესებულებებს, აქ  სამედიცინო პერსონალის ხელფასი გაიზარდა. რეანიმაციულ განყოფილებების პერსონალის ანაზღაურება გაცილებით მეტია.

-თუ არიან საკმარისი რაოდენობით ექთნები სამედიცინო დაწესებულებებში?

-არ არის ექთნების რაოდენობა საკმარისი. ექთანი 24 საათით ყოველ მეოთხე დღეს უნდა მორიგეობდეს, მაგრამ ყოველ მესამე და ყოველ მეორე დღეს უწევთ მორიგეობა, ეს გამოწვეულია მათი არასაკმარისი რაოდენობით. ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, დავიცვათ რეგულაციები,  რომ შემცირდეს ვირუსის გავრცელება, თორემ სიტუაცია უკვე ძალიან რთულია.

შეგახსენებთ,  ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათვის კიდევ 5 068 ადამიანით გაიზარდა. დღე-თამის განმავლობაში კი 37 ადამიანი გარდაიცვალა.  5 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფექციით დაღუპულთა რაოდენობამ 1 462 -ს მიაღწია, გარდაცვლილთა შორის არიან მედიკოსებიც.

 

 

ავტორი: ნიუპრესი