|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

შოთა მურღულია: "ინვესტორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ფეხბურთთან შემხებლობა აქვს"

საფეხბურთო  კლუბი „ტორპედო“  ჯერჯერობით ქუთაისის მერიის ბალანსზეა, თუმცა, აქტიურად განიხილება კლუბის კერძო ინვესტორისათვის გადაცემის საკითხი.  ქუთაისისათვის ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემაზე  სასაუბროდ "ნიუპრესი" ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა. 

 გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქუთაისის მერთან.

 -რამდენად შეეფერება სიმართლეს ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" სპონსორობით ცნობილი ბიზნესმენი, თემურ უგულავაა დაინტერესებული? 

- ეს სახელი გაჟღერდა, თუმცა ამ საქმეში თემურ უგულავას  პარტნიორები არიან ჩართული. უშუალოდ თემურ უგულავა არის თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ. თემურ უგულავას ბიზნეს პარტნიორები არიან, ასევე მერაბ ჟორდანიასთან დაახლოებული პირები. ეს არის ჯგუფი, რომელმაც მუშაობა დაიწყო და ინტერესი გამოხატა ქუთაისის „ტორპედოს“ მიმართ. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.  ჯერ შეისწავლეს თემა, შემდეგ ფინანსების საკითხებში გაერკვნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან. ვინაიდან,  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  ჩვენ არ გვაქვს უფლება  სიმბოლურ ფასად გადავცეთ კლუბი პირდაპირი,  ან რაიმე შეღავათიანი გადაცემის პირობით. გუნდის გასხვისების პროცედურა დაწყებულია. არიან სხვა დაინტერესებული  ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ „ტორპედოს“ დაფინანსების სურვილი. ჩვენ ყველას ვუშვებთ ეკონომიკის სამინისტროში.   

-ინვესტორი სრულად  დააფინანსებს კლუბს, თუ  მერიაც მიიღებს მონაწილეობას „ტორპედოს“ დაფინანსებაში?

- გვინდა, გუნდი  გადავიდეს კერძო ინვესტორთან. არ გვინდა, რომ  „ტორპედო“ იყოს ჩვენი საკუთრება.  ეს კეთდება, პირველ რიგში, იმისათვის, რომ  კლუბს ყავდეს კარგი დამფინანსებელი, მეორე -  საბიუჯეტო თანხები დაიზოგოს. საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ზოგადად, სპორტის ასეთ სახეობაზე - მილიონ ნახევარი,  ორი მილიონი ლარი წლიურად. არსებობს ფეხბურთის განვითარების ფედერაციის ფონდი, სადაც თვითმმართველობები  ვრიცხავთ თანხას, რომელსაც  ფონდი უნაწილებს გუნდებს. შეიძლება, საწევრო სახით, რადგან გუნდი ჩვენი იყო, მოგვიწიოს რაღაც თანხის დარიცხვა, მაგრამ ეს იქნება მინიმალური 20-25%, ანუ, მინიმუმ მილიონ ლარს დავზოგავთ.

 -ამ ეტაპზე  ვინ ახორციელებს ცვლილებებს „ტორპედოში“?

- კლუბისთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ახლა ყალიბდება და ახლა ფორმდება ახალი  ხელშეკრულებები ფეხბურთელებთან.  ჩვენ რომ დაველოდოთ  ახალ სპონსორთან  სამართლებრივ პროცედურების დასრულებას, დიდ დროს დავკარგავთ, რამაც შეიძლება კლუბის დაშლა გამოიწვიოს. ამიტომ  მივიღეთ გადაწყვეტილება,  ის სპონსორთა გუნდი, ვისთანაც თვეების განმავლობაში გვაქვს  მოლაპარაკებები,  ჩავრთოთ ამ პროცესში. მათ მივეცით საშუალება,   დააკომპლექტონ გუნდი, მწრთვნელი იქნება ეს თუ ფეხბურთელები.  სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არსებობდა, ვინაიდან, ჩვენ რომ დავლოდებოდით იმ ერთი თვის გასვლას, რაც სამართლებლივ ნორმებს უკავშირდება, ფაქტიურად,  საქართველოში ყველა გუნდი დაკომპლექტდებოდა და „ტორპედოს“ არათანაბარ პირობებში მოუწევდა თამაში.

-ანუ, ჟორჟიკაშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ინვესტორების მოთხოვნა იყო? 

-სპონსორთა ჯგუფს ქონდა სურვილი, შტელინი დაეტოვებინათ მწრთვნელად. თუმცა, შტელინმა უარი განაცხადა, ვინაიდან მას უკეთესი შემოთავაზება აქვს  ბელგიიდან, ძვირად ანაზღაურებადი. ამიტომ მოუწიათ ახალი მწრთვნელის მოძიება.   შტელინი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, შრომისმოყვარე, რომელმაც მოკლე პერიოდში მე-13 ადგილიდან მე-6-ზე  გადაიყვანა გუნდი.  ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ადგილი არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ ამ შედეგში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც შტელინი ჩამოვიყვანეთ და მე ვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში.

მინდა,  ორ ადამიანს  გადავუხადო დიდი მადლობა.  ერთი არის შტელინი, რომლის პატიოსნებაში მე დარწმუნებული ვარ და ფეხბურთში პატიოსნება  გუნდების მართვაში პრობლემას წარმოადგენს. მან თავისი სული და გული ჩადო  „ტორპედოში“. კლუბი, ფაქტიურად, განადგურებული იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფეხზე წამოეყენებინა. ბოლო 5 შეხვედრა  ძალიან წარმატებული აღმოჩნდა კლუბისთვის. "ტორპედომ"  ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს,  თემურ ჩეჩელაშვილს. კლუბს სჭირდებოდა ძლიერი ორგანიზატორი. უშუალოდ ჩემი, როგორც გუნდის 100%-იანი მფლობელის,  გადაწყვეტილება იყო თემურ ჩეჩელაშვილის კანდიდატურის დაყენება. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ.  თემურ ჩეჩელაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დალაგდა "ტორპედოში" ურთიერთობები,  მიუხედავად იმისა, რომ იყო არეულობის მცდელობები.  არის ჯგუფები, რომლებსაც  სურთ, მუდმივად  დაპირისპირება იყოს "ტორპედოში", თუმცა ამ ადამიანმა შეძლო და დაალაგა სიტუაცია. რაც ბატონი თემური მოვიდა ჯგუფში, იქედან თუ ავთვლით შედეგებს,  შესაძლოა სამეულშიც მოვხვედრილიყავით. მე ძალიან კარგად მესმის მისი გადაწყვეტილება კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. მან დატოვა პოსტი იქედან გამომდინარე, რომ კლუბს სათავეში  პოტენციური სპონსორი უნდა ჩაუდგეს.  ბატონმა თემურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება განაცხადა, რომ ამ პროცეს ვერ შეუშლის ხელს. 

-თუ კლუბს არ გამოუჩნდებოდა ინვესტორი, ამ შემთხვევაში „ტორპედოს“ რა ბედი ელოდა?

-თუ გუნდს კერძო მეპატრონე არ გამოუნდება, არსებობა გაუჭირდება. რამდენი თანხაც არ უნდა გამოიყოს  ქალაქის ბიუჯეტიდან, ეს თანხა არ ერიცხება „ტორპედოს“. როდესაც გუნდს ქალაქი აფინანსებდა, თანხას ისინი განკარგავდნენ. ახლა შეიცვალა პრინციპი, დაფუძნდა  ფეხბურთის განვითარების ფონდი, ჩვენ ამ ფონდში გვიწევს თანხის დარიცხვა და უკვე ფონდი ყველა გუნდს თანაბრად უნაწილებს ამ თანხებს.

- ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხით ირანელებიც არიან დაინტერესებული, თუ გქონდათ მათთან მოლაპარაკებები?

-ჩვენ გვინდა ამ გუნდს ქონდეს წლიური დაფინანსება არა ნაკლებ მილიონ ექვსასი ათასი. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ თანხით შესაძლებელია ნორმალურად იფუნქციონიროს ქუთაისის "ტორპედომ".  სასურველია ორი მილიონ ასი ათასი.  ახლა ჩვენ არ ვაფინანსებთ და ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ ამ თანხების მიმართ ინტერესი გვაქვს.  ვინც  არის ფეხბურთში ჩახედული,  იცის, რომ  ეს თანხები საჭიროა კლუბის შესანახად. ირანელი იქნება, თუ ვინმე სხვა, ინვესტორმა უნდა დასაბუთოს, რომ ფეხბურთთან რამე შემხებლობა და გეგმა აქვს.

- ქალაქის მიერ  „ტორპედოსთვის“  გამოყოფილი თანხები სრულად  ამ ფონდში ირიცხება?

- გარდა ბაზისა და ინფრასტრუქტურის ფინანსებისა, რომელსაც ქალაქი ინახავს. ამ ფონდის შექმნით გუნდებს შორის მოხდა ბალანსირება, ანუ ვისაც გაზრდილი ქონდა დაფინანსება, შეუმცირდა, ვისაც არა, მცირედ გაეზარდა. ასევე შეიცვალა ჩემპიონატის სისტემა.  ადრე თუ 16 გუნდიანი შეჯიბრება იყო, ახლა  მოკლე ჩემპიონატი ჩატარდება აგვისტოდან დეკემბრამდე. ამ ჩემპიონატიდან შეირჩევა 10 გუნდი, რომელიც ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. დღეიდან წლის ბოლომდე ფონდიდან  ყველა გუნდს გამოეყოფა 600 ათასი ლარი. ჩვენ მეტი თანხა რომ ჩავრიცხოთ ფონდში, მაინც 600 ათასი ლარი გამოეყოფა. ანუ, ჩვენ უკვე ბერკეტი აღარ გვაქვს იმისა, რომ კლუბს თუ დაჭირდება, დამატებითი თანხები დავურიცხოთ.   წლის ბოლომდე დარჩენილია ექვსი თვე.  ყველაზე მინიმალური გაანგარიშებით ფეხბურთელების ხელფასებისთვის დაახლოებით გვრჩება 30 ათასი ლარი თვეში.  შედარება რომ გავაკეთოთ, ის გუნდი, რომელიც ჩვენ გვყავდა ერთ თვეში 70 ათას ლარს ვიხდიდით. ანუ, 70 ათას ლარიანი გუნდი ჩამოდის 30 ათას ლარზე, ეს კი გუნდის დაშლას ნიშნავს.  შეიძლება, 10 ათასი შეამცირო დაფინანსება,  მაგრამ 70 ათასიდან 30 ათასამდე ჩამოწიო სახელფასო განაკვეთი,  ეს ნიშნავს, რომ  აბსოლუტურად სხვა გუნდი უნდა ააწყო, შედარებით დაბალი კვალიფიკაციის, რაც ვერ უზრუნველყოფს გუნდის შენარჩუნებას უმაღლეს ლიგაში.  ამიტომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა კერძო ინვესტორის მიერ ამ თანხის შევსებისა.

-ანუ, ფონდი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს?

-ეს ფონდის მხრივ, ალბად, სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ყველა გუნდს მოუძებნოს სპონსორი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კარგად დასრულდეს ინვესტორთან მოლაპარაკება. ვინ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველას ახსოვს, ალბათ, "ვისოლის" გასვლა "ტორპედოდან". კომპანიამ მილიონი ლარი გადაიხადა, ოღონდ გასულიყო. ახლა საუბარია შემოაბრუნო ვინმე სხვა, ვინც უზრუნველყოფს კლუბის შენახვას. ტყუილად არავინ დააფინანსებს.

-ინვესტორის დაფინანსების შემთხვევაში ფონდი როგორ ანაწილებს თანხას?

- მაგალითად, თუ კერძო ინვესტორი კლუბის შესანახად დებს ორასი ათას ლარს,   ფედერაციიდან დაემატება ექვსასი ათასი და ამას გარდა, ფედერაცია უორმაგებს  კერძო ინვესტორს.  ანუ, გამოდის, რომ შენ 600 ათასიანი გუნდი უნდა შეეეჯიბრო მილიონ ლარიან გუნდს. ეს უკვე ძალიან ცუდია, პრაქტიკულად მოგების შანსი აღარაა.

მიუხედავად წყენისა, კრიტიკისა, გუნდმა წინა სეზონი კარგად აჩვენა, ბოლო პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა.

 ჩვენ პოტენციურ ინვესტორს, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს, შესაძლებლობა მივეცით  მართვის პროცესში ჩართვის და თუ გამოჩნდება სხვა,  მეტი დაფინანსებით,  ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით.  თუ ვინმე უკეთეს გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებს,  მასაც მოვუსმენთ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი