|
  • EUR 1 = GEL 4.0709
  • USD 1 = GEL 3.4235
|

გიორგი ჩაჩანიძე: "ამ როლში ყველა დიქტატორი გავაერთიანე"

24 წლის ასაკში ორჯერ გახდა „საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის როლის შემსრულებლის“ ჯილდოს მფლობელი.  ორი თეატრის მსახიობია, არაერთი სახასიათო როლითა და გამოწვევით.   თვლის, რომ წლების წინ გიორგი სიხარულიძის ქუთაისის მიზნობრივ ჯგუფში ჩაწერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც მისი წარმატება განაპირობა. 

 „ნიუპრესის“ სტუმარი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძეა, რომელიც მის მიერ შესრულებული როლებზე, თეატრსა და მაყურებელზე გვესაუბრება.

-დავიბადე 1991 წელს თბილისში, მაგრამ მამის საქმიანობის გამო ოჯახით გადავედით ჭიათურაში, სადაც დავამთავრე სკოლა, შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ნიკოლოზ წულუკიძემ დედას თხოვა, ამერჩია გიორგი სიხარულიძის  ქუთაისის მიზნობრივი ჯგუფი. მისი თქმით, „გიორგი იმდენად კარგი პედაგოგია, მსახიობი თუ არა, კარგი ადამიანი გამოვაო“. დავუჯერეთ და ბედნიერი ვარ.

პირველი კურსს ვასრულებდით, როცა გიორგი სიხარულიძემ მესხიშვილში დადგა  სპექტაკლი „ანა კარენინა“, სადაც მთელი ჯგუფი დაგვტვირთა. ამის შემდგომ დაიწყო და დაიწყო... მთელი სტუდენტობის განმავლობაში ვსწავლობდით, თან ვთამაშობით, რაც  დიდი გამოცდილება იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეჟისორ მამუკა ცერცვაძისგან მივიღე მიწვევა მეთამაშა ჭიათურის თეატრში, სპექტაკლში „ლამბალო და ყაშა“.  მაშინ არ ვიცნობდი ბატონ მამუკას. გიორგი სიხარულიძემ  მითხრა: „შენ ქალაქს უნდა ემსახუროო“, ამიტომ გადავწყვიტე, წავედი და საბედნიეროდ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში დატვითული ვარ,  ჭიათურაში უფრო სხვანაირად გავიხსენი, მეტი დატვირთვა მომეცა. პატარა ქალაქია და ცოტა მსახიობი. ვფიქრობ, ბევრ რამეს მომცემს ეს თეტარი. მსახიობობა არაა ადვილი, შეიძლება, წლების შემდეგ მიხვდე, რომ ეს არაა შენი საქმე.  ასეთი უცნაურობა აქვს ამ პროფესიას, ამიტომ, თუ წლების მერეც  მსახიობი ვიქნები, მაშინ  ეს განვლილი ეტაპი კარგი საფეხური იქნება ჩემთვის.

–როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატება ხომ არ განაპირობა თქვენმა არჩევანმა, ყოფილიყავით  არა  თბილისში მოქმედი, არამედ ქუთაისის და ჭიათურის თეატრების მსახიობი, ხშირ შემთხვევაში დამწყები მსახიობები „იკარგებიან“ თბილისში?

-რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ მსგავსი არჩევანი გავაკეთე.  მუშაობა მიწევს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ნამდვილი რეჟისორები არიან. მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა მუშაობა რეჟოსორთან, რომლისაც სჯერა. გიორგი სიხარულიძესთან მუშაობა აღმოჩენა და ახლის ძიებაა.

ჯგუფში ჩვენი ასისტენტი იყო ვანო ხუციშვილი, ასევე არაჩვეულებრივი პედაგოგი და რეჟისორი. მამუკა ცერცვაძესთან მუშაობა საინტერესოა.  ის ჩემს მესამე პედაგოგად ჩამოყალიბდა. ასევე მომიწია მუშაობა გიორგი შაუტაშვილთან.  ისე გამოვიდა, რომ  სულ შეხება მქონდა კარგ რეჟისორებთან, რომლებიც ფეხზე დადგომაში გეხმარებიან. რაც შეეხება არჩევანს, ვთვლი, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო ამ თეატრებთან თანამშრომლობა. ქუთაისში მაქვს საშულება გამოვჩნდე, მეტი მაყურებელი მიცნობდეს, რადგან  დიდი სეგმენტია, ჭიათურაში უფრო ახლოს ხარ მაყურებელთან.   რაც მთავარია, მე ამ ყველაფერს არ ვაკეთებ ხელფასისთვის, ახლა რასაც ვაკეთებ, ეს არის ენთუზიაზმი და სიყვარული.

–უშუალოდ როლებზე ვისაუბროთ, „მეთევზე ერთი, ორი..“ სპექტაკლი, რომელიც მესხიშვილის თეატრში დაიდგა, სადაც სცენაზე თქვენი პარტნიორი იყო დავით როინიშვილი, როგორი იყო ამ როლზე მუშაობა?

-ეს სპექტაკლი დადგა გიორგი შაუტაშვილმა. საინტერესო იყო მასთან მუშაობა და მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. როდესაც ორკაციან სპექტაკლში ერთ–ერთი ხარ შენ, ეს რაღაცას ნიშნავს. მეორე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო,  რომ პარტნიორად მყავდა დავით როინიშვილი, რომელიც მეტრია მთელი ქართული თეატრისთვის, საზომია მსახიობობისა. მესამე და არანაკლები ბედნიერება იყო პიესა. როდესაც   წავიკითხე თანამედროვე, ძლიერი დრამატურგის, ირაკლი სამსონაძის პიესა, მთელი ღამე არ დამეძინა, სულ მასზე ვფიქრობდი. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მოკლე ვადებში დაიდგა, ამიტომ როლის სიმძიმის და სიმძაფრის შეგრძნება ვერ მოვასწარი. განა იმიტომ, რომ რეჟისორმა რამე დამაკლო, უბრალოდ, ჩემთვის არ იყო საკმარისი დრო.  როლი მხოლოდ  17 რეპეტიციით დავდგით. თუმცა ჩემთვის ერთ–ერთი საყვარელი როლია.

–„გეტო“, ჭიათურის თეატრის სპექტაკლში, რომელმაც „თეატრალური ფესტივალის“ გამარჯვებული სპექტაკლის ტიტული მოიპოვა, თქვენ განასახიერეთ „კაიტელი“ . ამ როლში რამდენიმე დიქტატორი გააერთიანეთ ერთ ადამიანში, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ამ როლზე მუშაობა?

-„გეტო“ ყველაზე საყვარელი სპექტაკლია ჩემთის. ალბათ, ყველა მსახიობი მამაკაცი ამ როლზე იოცნებებს, იმდენად საინტერესოა. „კაიტელი“ 24 წლის ბიჭია, ჩემი ასაკის და ამ „ლაწირაკს“ შეუძლია თავის ნებაზე ატრიალობს ყველა. ძალიან ძლიერი როლია. ყველაფრის საშუალებას რომ მოგცემს, ისეთი. მაქსიმუმი მინდოდა გამეკეთებინა.  არ მინდოდა, ყოფილიყო ერთი ჰიტლერი, ერთი სტალინი, ან მუსოლინი. თუკი ოდესმე ვინმე დიქტატორი ყოფილა,  მინდოდა ამ როლში გამეერთიანებინა, ყველაფერი მინდოდა დატეულიყო. მაქსიმუმის მიღწევა რთულია, მაგრამ რაღაც დონეს მივაღწიე. რამდენად გამომივიდა, მაყურებელმა შესაფასოს.

ამ სპექტაკლში ჩემი გმირი, მის მიერ შექმნილ თეატრს ანგრევს გეტოში, კლავს ყველას.  ქალი, რომელიც შეუყვარდა, გაექცა, უფრო სწორად, იცოდა და გაუშვა. თავად „კლოუნად“ გადაიქცა, რადგან მას ბევრი ფერი აქვს და ადვილად ერევა ადამიანებში. ბოლოს კი ისე მიდის, არაფერი მიაქვს „გეტოდან“. ვამბობდი, ერთადერთი რასაც წაიღებს,  საქსოფონი იყოს თქო და თურმე,  ფილმში ყოფილა ეს სცენა. მე არ მინახავს ფილმი, ისე დაემთხვა. 15–ჯერ რომ ვითამაშებ, მერე შეიძლება ვნახო, რადგან ძიებაში ვარ, მინდა ახალი რაღაცეები დავამატო და ფილმში რაღაც დამთხვევა რომ დავინახო, „გამიტყდება“.  ყველა მსახიობმა ნახა რეპეტიციების დროს, მხოლოდ მე არ მინახავს. მარტო ფოტო მაჩვენეს და„კაიტელი“ ისეთი სიმპატიურია, გულზე გავსკდი.

–ამ როლით თქვენ „საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის“ ჯილდო მიიღეთ, ჟიურის ამ გადაწყვეტილების შესაქხებ რას იტყვით?

–ვიდრე ამ ჯილდოს შესახებ ვისაუბრებ, გეტყვით, ყველაზე დიდი და სასიხარულო ჯილდო იყო პატარა მაყურებლის პრიზი. პატარა გოგონა მთელი ფესტივალის განმავლობაში იყო თეატრში. მომეწონა მშობელთა დამოკიდებულება, როგორ ზრდიან შვილს. მათ უთხრეს, აერჩია ორი მსახიობი, რომელსაც ისინი ფულად ჯილდოს გადასცემდნენ და ამ გოგონამ მე დამასახელა. მესამე იარუსზე ვიყავი და გამოვიქეცი, მაგრამ სცენაზე ვერ მივუსწარი. შემრცხვა, ბავშვისგან ფული როგორ უნდა ავიღო-მეთქი, მაგრამ მისი დამოკიდებულება იყო ყველაზე დიდი ჯილდო.

რაც შეეხება „საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცის ჯილდოს“, თუ თავხედობაში არ ჩამომერთმევა, იმდენად უკონკურენციო გარემო იყო, ვერ გავიგე, ვისთან შედარებით მომენიჭა. კარგია, როდესაც წარმატებას აღწევ, იმარჯვებ, მაგრამ ჩემს თავთან ხომ მაქვს მოთხოვნა, ვის ვაჯობე, როდესაც კონკურენცია იყო ნული? აღებული მქონდა ეს ჯილდო, ამიტომაც  მეგობრები მეხუმრებიან,  სულ „ახალგაზრდა მსახიობიო“.  რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ყველას მადლობა.

–რაც შეეხება ფესტივალს, როგორ შეფასებას მისცემდით და რატომ არის ფესტივალი საინტერესო თეატრებისთვის?

-მე თავს ვერ მივცემ უფლებას ფესტივალი შევაფასო, არ ვარ ამ დონეზე გარკვეული ფესტივალის მნიშვნელობაში. დარწმუნებული ვარ ფესტივალის მიზანი არის სწორი და სასარგებლო. მაგალითად, სამტრედიის თეატრი შეიძლება გახდეს სახელმწიფო თეატრი. არ იმიტომ, რომ ამჯერად არის ამ დონეზე, უბრალოდ, სახელმწიფო თეატრის წოდების მიღების შემდეგ თეატრი  ექნება დაფინანსება. ამის გარეშე კი  შედეგი  არ მიიღწევა.

 

–სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, თუ მუშაობთ ახალ სპექტაკლზე და რას შესთავაზებთ მაყურებელს?

-ვმუშაობთ „რევიზორზე“, რომელიც გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით იდგმება. ძალიან საინტერესო გამოდის, ახლებური ვერსიაა. „რევიზორით“ მესხიშვილის თეატრში სეზონი დაიხურება.

–თქვენ თეატრის მსახიობი ხართ, თუ გიცდიათ ძალები კინოში მოგესინჯათ?

მაინტერესებს კინოც, თუმცა ჯერ არ მითამაშია. არ დავდივარ კასტინგებზე. მგონი ჯერ რასაც ვაკეთებ, ეს ჯობია, მაინც სულ ქუთაისსა და ჭიათურაში ვარ. ვცდილობ გამოცდილება დავაგროვო, ფორმაში ჩავდგე და ამის შემდეგ ვივლი კასტინგებზე.

–ქუთაისელ მაყურებელზეც რომ გვითხრათ, რამდენად გამორჩეული მაყურებელია?

-ქუთაისელი მაყურებელი გამორჩეული და რთული მაყურებელია,  რაღაც შეცდომები თუ დაუშვი, არ მიგიღებს. ჭიათურის მაყურებელი კარგი მაყურებელია. განსხვავება ის არის, რომ ქუთაისს ჰყავს მაყურებელი, ჭიათურას ჰყავს მარტო პრემიერის მაყურებელი. იპრანჭება ხალხი და მოდის პრემიერაზე, მერე ავიწყდებათ. აქ ეგ კულტურა მეტადაა შენარჩუნებული.

–არ მინდა საუბარი ისე დავასრულოთ, რომ  თქვენი ბაბუის, ნოდარ ჩაჩანიძის შესახებ არ ვისაუბროთ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თუ არა თქვენს პროფესიულ არჩევანში და როგორ შემორჩა თქვენს მეხსიერებაში?

–ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა არის "კირილე მიმინოშვილი" ფილმიდან „სანამიშვილის დედინაცვალი“,  კარგი მსახიობი და ნამდვილი კოლორიტი. არ მეგულება ადამიანი, ვინც მას იცნობდა და არ უყვარდა. მან განაპირობა ჩემი მომავალი კარიერა. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. რამდენიმე კადრად შემომრჩა ბაბუა. ერთი მომენტი მახსოვს, ლექსს მასწავლიდა, მეორეში - წინდების ჩაცმა მთხოვა. სცენაზე არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ძლიერი იყო. ის რომ ცოცხალი მყოლოდა და ჩემს გვერდით იყოს, მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი