|
  • EUR 1 = GEL 4.0228
  • USD 1 = GEL 3.3044
|

ეკატერინე ტიკარაძეს "ჯანდაცვის მაფია" ებრძვის - რაულ ქირია

ჯანდაცვის მინისტრს,  ეკატერინე ტიკარაძეს "ჯანდაცვის მაფია" ებრძვის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოლიტოლოგი რაულ ქირია წერს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ტიკარაძის გადაწყვეტილებით ფინანსურად დაზარალდნენ, მინისტრის დისკრედიტაციით არიან დაკავებულები.

"რაც ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით ხდება, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ დროა, ყველაფერს დაერქვას სახელი. ყველას კარგად ახსოვს 520-ე დადგენილება, რომლის ინიციატორიც ეკატერინე ტიკარაძე იყო და რომელიც ჯანდაცვის სფეროში კორუფციული გარიგებების მოსპობას და ჩვენი მოქალაქეების ხარისხიან, ფინანსურად ხელმისაწვდომ მკურნალობას გულისხმობდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში.

უფრო მარტივად და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ: თუ პირობითად სახელმწიფო დააწესებდა, რომ რომელიმე ოპერაცია ღირს 100 ლარი, იგივე ოპერაციის ფასი ყველა კლინიკაშიც 100 ლარი უნდა ყოფილიყო, რათა ფასთა სხვაობის გამო პაციენტი არ ყოფილიყო იძულებული უფრო იაფი მომსახურების კლინიკა ეძებნა. ეს ფინანსურთან ერთად, ასევე გეოგრაფიულად ხელმისაწვდომს ხდიდა პაციენტისთვის მომსახურებას.

ყველამ იცის, რომ საქართველოში მოქმედებს "ჯანდაცვის მაფია", რომელსაც არ მოსწონს ჯანდაცვის სფეროში ასეთი ცვლილებები და ეს ადამიანები ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი დისკრედიტაციით არიან დაკავებული, ასევე, ე.წ. ,,გუნდში" შემავალი პირები, რომლებიც მის დისკრედიტაციას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკატერინე ტიკარაძის ირგვლივ გაერთიანდეს სამედიცინო სფეროს კეთილსინდისიერი წარმომადგენლები, რომ ამ მაფიას არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, სრულად დაეპატრონონ ჯანდაცვის სისტემას", - რაულ ქირია

 შეგახსენებთ, ჯანდაცვის სფეროს ერთმა ნაწილმა მინისტრი არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულა და პოსტიდან მისი გადადგომა მოითხოვა. დღეს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

 

ავტორი: ნიუპრესი