|
  • EUR 1 = GEL 3.4221
  • USD 1 = GEL 3.0465
|

კარიკატურისტის თვალით დანახული პანდემია [photo]

ღირსების ორდენოსანი,  მხატვარ-კარიკატურისტი, მუსიკოსი, ორდენი - ეკონომიკური ვარსკვლავის მფლობელი,პოლიტიკოსი  -  ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეგალიებისა, რომელსაც სამტრედიელი ბეჟან გოგია ფლობს. მისი კარიკატურული ნამუშევრები არაერთ ჟურნალშია დაბეჭდილი, მათ შორის ნოდარ დუმბაძისა და ზაურ ბოლქვაძის რედაქტორობის დროს ჟურნალ „ნიანგში“.  თავის საქმიანობასა და გატაცებებზე არაერთი ჯილდოსა და გრანპრის მფლობელი კარიკატურისტი  „ნიუპრესს“ ესაუბრა.

- დავიბადე სამტრედიაში, სკოლაც აქ დავასრულე. შემდეგ უმაღლესი განათლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე. პროფესიით მშენებელ-ინჟინერი ვარ. არაერთ თანამდებობაზე მიმუშავია. ვიყავი სამშენებლო სამმართველოს უფროსი, კაბელური ტელევიზიის დირექტორი,სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, ქალაქის მერი,  ანსამბლ „ლადის“ დამფუძნებელი, ვარ გაზეთ „სამტრედიის მაცნეს“ ხელმძღვანელი.

- ბატონო ბეჟან, როგორ მოახერხეთ, ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც ასე წარმატებით „გეასპარეზათ“ ?

- მენეჯერული სინდრომით ვარ დაავადებული, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,   ხატვა და მუსიკა ერთნაირად მიყვარს.

 

  

                                          

- ვისაუბროთ კარიკატურულ ნამუშევრებზე, როგორც ვიცით, თქვენი  პირველი ნამუშევარი  „ნიანგში“ გამოქვეყნდა, რომელსაც ნოდარ დუმბაძე რედაქტორობდა, გვიამბეთ ამის შესახებ...

-ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით კარიკატურების. სკოლაში  მასწავლებლებს დაფაზე ვახვედრებდი გაშარჟებულ ნახატებს, ზოგი ბრაზდებოდა, ზოგს მოსწონდა. ბავშვები ძალიან ვხალისობდით. პირველი ჯილდო მე-7 კლასში  ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „კაცია-ადამიანი“ კარიკატურაში ავიღე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თბილისში მაშინდელ "პიონერთა სასახლეში". უკვე 18 წლის ასაკში ჩემი კარიკატურა დაიბეჭდა ჟურნალ „ნიანგში“ , რომლის რედაქტორი ნოდარ დუმბაძე იყო. მას შემდეგ უამრავი ნახატი შევქმენი. პირველი ანტისაბჭოური კარიკატურა ჩემი დახატულია 1988 წელს, რომელიც "ნიანგში" გამოქვეყნდა. იმ დროს  ჟურნალს ზაურ ბოლქვაძე რედაქტორობდა. ამ შარჟის გამო სერიოზული პრობლემები შემხვდა, ლამის დამიჭირეს.

 

              

- კარიკატურა საზღვარგარეთ უფრო მოთხოვნადია, თუ გქონდათ შეხება უცხოურ ქვეყნებთან და კარიკატურისტებთან?

 - დიახ, საზღვარგარეთ  ნამდვილად დაფასებული პროფესიაა  და შემოსავლიანიც.  1995 წელს   შვეციაში პოლიტიკური კარიკატურების  გამოფენაზე მიმიწვიეს, სადაც  მეზობელი სახელმწიფოების თანამდებობის პირების ნამუშევრებს ვქმნიდი. გამოფენაზე საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი მიწვეული. ერთ-ერთ გამოფენაზე ჩემი ნამუშევრებით გერმანელებიც დაინტერედნენ,  სამსახურიც შემომთავაზეს, თუმცა  საქართველოში დავრჩი.

- როგორც აღვნიშნეთ,  საქართველოში კარიკატურისტების შრომა შესაბამისად არ ფასდება, თქვენთვის რამდენად შემოსავლიანია ეს პროფესია?

- ჩემთვის ეს შემოსავლის წყარო არ არის, ამას საკუთარი სიამოვნებისთვის ვაკეთებ. ვქმნი შარჟებს და ვამხიარულებ მეგობრებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ, სრულიად უფასოდ.

- პანდემიის დროს, ათასობით კარიკატურას კიდევ შემატეთ, რა გამოხმაურება მოყვა ახალ ნამუშევრებს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, სულ რაღაც უნდა ვაკეთო, ამიტომ 200-მდე ახალი კარიკატურა შევქმენი. დაძაბულ გარემოში ვეცადე ცოტა იუმორისტული იმპულსები შემომეტანა და ხალხი გამემხიარულებინა. მგონი გამოვიდა, შარჟებს  პოზიტიური შეფასებები მოყვა.

             

 

 

  

- ხატვის გარდა, სხვა გატაცება თუ გაქვთ?

მუსიკაც ძალიან მიყვარს. წარსულში  ანსამბლ „ ცისარტყელას“  სოლო გიტარისტი ვიყავი. 18 წლის ასაკში ბუქარესტში ამერიკულ ჯგუფ "THE SINGER" - ში ვუკრავდი სოლო გიტარას. ასევე ანსამბლ „ლადის“ ხელმძღვანელი ვიყავი, რომელიც ევროპის, კერძოდ პრაღისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალ "ბაქო 2016"- ის გრანპრის მფლობელი გავხადე. ვარ ჩემი ქალაქის გერბისა და დროშის თანაავტორი.

           

                                                    

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 60%
უარყოფითად - 37.5%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.5%
სულ - 40 ხმა