|
  • EUR 1 = GEL 3.4795
  • USD 1 = GEL 3.1916
|

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შეცვლილი წესებით  შესრულდება.
 
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. 
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
 
დიდმარხვა წელს 19 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 79.25%
ჯერ ადრეა - 15.09%
მთავრობამ უკეთ იცის - 5.66%
სულ - 53 ხმა