|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

"სახლში ხელცარიელი არასდროს მივსულვარ, აპლოდისმენტები მიმქონდა"

დავით როინიშვილს წარდგენა არ ჭირდება, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობს მის მიერ შესრულებული როლებით ქვეყნის მასშტაბით კარგად იცნობენ. ბოლო პერიოდში  თეატრს აქტიურად უთავსებს სატელევიზიო სერიალებსა  და კინო როლებს. გარდა ქართული კინო პროდუქციისა, საერთაშორისო პროექტებშიც აქტიურად ჩაერთო და აღიარებაც მოიპოვა.

- თქვენი პოპულარობა ფილმებში მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა, როგორ მოხდა თქვენი ეკრანიზაცია?

- ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა,   გული მწყდებოდა, რომ მხოლოდ თეატრის მსახიობობა შევძელი, თუმცა ბევრი შრომის შედეგად, მოგვიანებით, მაინც ავიხდინე ოცნება. ჩემი სადებიუტო ფილმი “ 37 გრადუსი“ იყო, რომელსაც კინომცოდნეებმა კარგი შეფასება მისცეს.  უკვირდათ, არ იჯერებდნენ, რომ პირველი ფილმი იყო. ამის შემდეგ უამრავ პროექტში მივიღე მონაწილეობა. გადამიღეს უკრაინულ სერიალში „კონტაქტი“, სადაც კრიმინალის როლს ვთამაშობ. ცნობადობა ყველაზე მეტად სერიალმა  „ჩემი ცოლის დაქალები“ მომიტანა.

 -თეატრთან ურთიერთობა როდის დაიწყეთ?

- სკოლა როგორც კი დავამთავრე,  ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. ბავშვობიდან თეატრი ცხოვრობს ჩემში. პერსონაჟის შექმნა, გათავისება, გადმოცემა და მაყურებლისთვის მიწოდება ძალიან ბევრ შრომასთან იყო დაკავშირებული, დიდი დრო დამჭირდა, რომ სრულყოფილებამდე მივსულიყავი.

- მაყურებელთან შეხვედრის პირველი ემოცია როგორი იყო?

- ძალიან დამამახსოვრდა პირველი ემოცია, საზოგადოების დამოკიდებულება. „აი, ეს ახალი მსახიობი ვინ არის“- რომ კითხულობდნენ. ძალიან მალე მოვხვდი წამყვან მსახიობებთან ერთად. საოცარი ემოცია იყო,  თანდათან ჩემი სახელი  მაყურებლის გონებაში ჩარჩა.

-რას ნიშნავ თქვენთვის მესხიშვილის თეატრი?

- მე გამზარდა ამ თეატრმა. ჩემთვის ეს სამყარო იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც ჰაერი.  არის მომენტები, ძალიან რომ გადაიღლები ხოლმე და იტყვი, რომ აღარ გინდა თეატრი, მაგრამ ეს პატარა ბავშვის გაბრაზებასავით არის, იმთავითვე რომ ქრება. თეატრის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. თეატრი არის სიმშვიდე, გადაღლილობის ჟამს ვერსად ისეთ სიმყუდროვეს ვერ ვპოულობ, როგორც თეატრში.

-თქვენს ოჯახზე  გვიამბეთ?

-მე და ჩემი მეუღლე სკოლიდან ერთად მოვდივართ. გვყავს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი. შემოქმედებით ცხოვრებაში მისი სრული მხარდაჭერა მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც ხელფასები არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვმუშაობდით. თუმცა სახლში ხელცარიელი არასდროს მივსულვარ, აპლოდისმენტები მიმქონდა ხოლმე. რთულია, ემსახურო ოჯახს და თეატრს ერთდროულად.  მე ეს არ გამომივიდა, რომ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებით ოჯახი მერჩინა. ჩემმა მეუღლემ ეს პერიოდი გადაიტანა. ყველაფერი თავის ხელში აიღო და ჩემს გვერდით დადგა. ასე მოვდივართ დღემდე.

-სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, თეატრში, თუ კინოში?

- ზოგადად, თავს თუ არ გრძნობ კომფორტულად, ვერც  თეატრში  იქნები კარგად და ვერც კინოში. თეატრი სულ სხვა რამ არის, ყოველდღიური საზრდოა. კინო ძალიან რთული ხელოვნებაა, თუმცა მეტად მოთხოვნადი და პოპულარული, მაგრამ  თეატრში იღებ საოცარ ემოციას, რასაც ფილმი ვერ მოგცემს.  თეატრში „სტოპ“  არ არსებობს. მოქმედება არის ცოცხალი და ეს არის ძალიან მაგარი. ყველა ამოსუნთქვას რომ გრძნობ, ემოციურად ძალიან გადამდებია. არა მგონია, ეკრანზე ნანახმა ფილმმა მოგცეს ის ემოცია, რასაც თეატრი გაძლევს. სპექტაკლი გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას ტოვებს.

-ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ფილმში გადაგიღეს...

-დიახ, ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე ფილმში გადამიღეს. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და სამომავლოდაც ასე ვაპირებ გაგრძელებას.  ყველა ფილმი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გურამ ქართველიშვილის,- „გააგრძელე საქართველოს ისტორიაში“  ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. ამ ფილმმა ბევრი რამ მომცა. სამომავლოდ ვგეგმავთ პროექტის გაგრძელებას, თუმცა ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის არსებობა. სამწუხაროა, რომ სხვა ქვეყნის ისტორიულ  სერიალს უყურებს ქართველი მაყურებელი, მაშინ, როდესაც არ იცის, საკუთარ ქვეყანაში რა ხდებოდა იმ პერიოდში. ეს ფილმი ამ დეფიციტს მცირედით შეავსებს.

-ბოლო პერიოდში თითქოს და ტენდენციად იქცა საქართველოში ცნობილი ადამიანების პოლიტიკაში წასვლა. პოლიტიკოსობაზე ხომ არ გიფიქრიათ?

-არა, იმიტომ, რომ თეატრში ვეღარ ვითამაშებ. ამის გარეშე კი  შინაგანად ცარიელი დავრჩები. ამით ძალიან ბევრ რამეს დავკარგავ, იმას, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია - მაყურებელი. ასე, რომ ფიქრებშიც არ მინდა დავუშვა პროფესიის შეცვლა. მოდაშია პოლიტიკოსობა, მე კი მგონია, რომ თეატრი უნდა გახდეს მოდური.

- ახლახანს 50 წელი შეგისრულდათ, რას ნიშნავს ეს თარიღი თქვენთვის?

-როგორც ვიყავი გუშინ, ისე ვარ დღესაც, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვაგრძელებ ცხოვრებას. დაბერდიო - მეუბნებიან,  მაგრამ ფიზიკურად უფრო ენერგიულად ვარ.  გადავხედე ჩემს განვლილ პერიოდს, დავსახე და გადავახარისხე ჩემი ცხოვრება, რა შევცვალო, რა შევმატო, რა გამოვასწორო და ასე შემდეგ.  ამ ასაკში შენ ხარ მსახიობი, რომლის სანახავადაც მაყურებელი მოდის და ეს პასუხისმგებლობა მეტად იზრდება.

-ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე, რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ ?

-ახალ წელს ყოველთვის ქუთაისში ვხვდები. ვგიჟდები, როდესაც თოვს  და კინოკადრივით  ჩანს თოვლში მესხიშვილის თეატრი და „ბაგრატის ტაძარი“. შემიძლია მთელი დღე დავტკბე  ამის ყურებით. წელსაც ახალ წელს ოჯახთან შევხვდები, სახლში და თეატრში.

 

 

 

 

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი