|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

"ქრისტიანული სარწმუნოება გულისხმობს ქრისტეს პიროვნულ მიღებას"

შობის დღესასწაულს „ბრწყინვალე დღესასწაულად“ მოიხსენიებენ. მაგრამ რამდენად გააზრებულად ანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოში აღნიშნულ დღესასწაულს? რა დამოკიდებულება არსებობს ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობისა და საერთოდ მეორედ დაბადების მნიშვნელობის მიმართ? ხსენებულ საკითხებზე  newpress.ge-ს ესაუბრება თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, თბილისის მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი.

- მაინც რამ განაპირობა ის, რომ ორი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის -შობისა და აღდგომის აღნიშვნა სხვადასხვანაირად „გადანაწილდა“.  შობის აღნიშვნის ტრადიციებით ძალიან მდიდარია დასავლეთი, აღდგომასთან დაკავშირებული რიტუალებით კი - აღმოსავლეთი. რატომ მიანიჭეს აღმოსავლეთ ქრისტიანებმა „უპირატესობა“ აღდგომას და დასავლეთელმა კი - შობას?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ თითქოსდა დასავლური ქრისტიანობა უპირატესობას ანიჭებდეს ქრისტეს შობას, ვიდრე აღდგომას. მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის აღდგომა ყოველთვის წარმოადგენდა უმთავრეს დღესასწაულს. მაცხოვარი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლენა დაკარგავდა ყველანაირ აზრს, რომ არ მომხდარიყო ჯვარცმა და აღდგომა. ამიტომ მეოთხე საუკუნის შუა წლებამდე მთელ საქრისტიანოში არ აღინიშნებოდა არცერთი სხვა დღესასწაული, გარდა აღდგომისა.

მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში, თავდაპირველად, ქრისტეს შობის აღნიშვნა  დაიწყეს მწვალებელმა გნოსტიკოსებმა, რა თქმა უნდა, დამახინჯებული აზრით. გნოსტიკოსების სწავლებით, მატერია ბოროტი ძალის წარმონაქმნი იყო, ამიტომ ძე ღვთისას განხორციელებაში ისინი ხედავდნენ სამწუხარო ფაქტს, რომლის შედეგადაც მატერიალურმა დემონურმა ძალებმა შეიპყრეს ღვთაებრივი წმინდა სული. ამის გამო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთშიც, დაიწყო ქრისტეს შობის აღნიშვნა, რომ ამით ექადაგა და განემარტა ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი აზრი.

ამ დღესასწაულის 25 დეკემბერს დანიშვნასაც მისიონერული მიზანი ჰქონდა. ამით მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოახერხა წარმართული დღესასწაულის - იუვენალიუსის ჩანაცვლება. ამ დროს წარმართები ზეიმობდნენ მზის ღვთაების დაბადების დღეს. მაგრამ, მაცხოვარ იესო ქრისტესაც სახარებაში ეწოდება „მზე სიმართლისა“, ამიტომ ქრისტიანები ქადაგებდნენ, რომ 25 დეკემბერს კი დაიბადა „ღმერთი - მზე“, მაგრამ ხილული, მატერიალური კი არა, არამედ „მზე სიმართლისა“, ანუ მაცხოვარი ისო ქრისტე.

მაშასადამე  ქრისტეს შობის დღესასწაულის ისტორიიდანაც ჩანს, რომ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც აღდგომას ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

რაც შეეხება ხალხურ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს. აქ ყველაფერი პირობითი და ინდივიდუალურია. მაგალითად, მართლმადიდებელ რუმინელებში, მოლდაველებში, სერბებში, უკრაინელებში და სხვა ერებშიც ქრისტეს შობის დღესასწაულის აღსანიშნავი ხალხური ტრადიციები ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია.

- ქრისტე ასჯერაც რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუკი იგი შენს გულში არ დაიბადა რა აზრი აქვსო, ამბობდა ერთი ჭკვიანი ადამიანი. თუ შეიძლება, რომ განმარტოთ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტეს დაბადების ფაქტის არა მხოლოდ ისტორიულ და ზოგადსაკაცობრიო მოვლენად აღქმა, არამედ პიროვნული ურთიერთობა ქრისტესთან, მისი პიროვნულად მიღება?

- რა თქმა უნდა , ზოგადად ქრისტიანული სარწმუნოება გულისხმობს ქრისტეს პიროვნულად მიღებას. მაცხოვარმა მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვისგან ჯვარცმითა და აღდგომით, მაგრამ ეს გამოსყიდვა ქმედითი რომ გახდეს თითოეული კონკრეტული ადამიანისთვის, აუცილებელია რწმენა და ინდივიდუალური თანამონაწილეობა ქრისტესთან მის ჯვარცმაში, დაფლვასა და აღდგომაში, რაც სულიერად ხდება კიდევაც ნათლობის დროს. ღმერთი ცოცხალია და ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი გულისხმობს მასთან პირად ურთიერთობას, რაც მიიღწევა სრულფასოვანი ეკლესიური ცხოვრებით.

შობის აღნიშვნა თუ შემოიფარგლება მხოლოდ ღორის დაკვლით და მწვადების ჭამით, ეს არ ნიშნავს ქრისტიანობას. ქრისტიანული დღესასწაული არ გულისმობს მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული ისტორიული მოვლენის  გახსენებას, არამედ მის აქტუალიზებას ჩვენს დროში და ჩვენ მიერ მასთან სულიერად თანამონაწილეობას. ამიტომ, შობის ან ნებისმიერი სხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნისას, რაღაც უნდა იცვლებოდეს ჩვენში, ცოტათი მაინც უკეთესები და ღმერთთან ახლოს მყოფები უნდა ვხდებოდეთ.

- ისევ დაბადების თემას რომ შევეხოთ: ქრისტე მეორედ დაბადებაზე ესაუბრება ფარისეველთა მიმდინარეობის ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს ნიკოდიმოსს (იოანე, მე-3 თავი). ეუბნება, რომ მეორედ დაბადების გარეშე ვერც თავად ღირსეული ნიკოდიმოსი და ვერც სხვა ადამიანი ვერ იხილავს ცათა სასუფეველს. ნიკოდიმოსს მაშინ ამის გაგება გაუჭირდა. რამდენად ესმით დღეს მეორედ დაბადების მნიშვნელობა, თუნდაც ქართველ მორწმუნე უმრავლესობას, ქრისტეს დაბადებიდან ორიათასი წლის შემდეგ?

- მე ვიცი, რომ ჩვენი მრევლის უმრავლესობას ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს მეორედ დაბადება. ანუ ნათლობის მეშვეობით ქრისტიანული სულიერი ცხოვრებისთვის დაბადება და ასევე, სხვა ქრისტიანული ჭეშმარიტებანი. აქტიური მრევლი, ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია აქტიურ მრევლზე, რომელიც რეგულარულად ესწრება მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, ლოცვისას უსმენს ჰიმნოგრაფიულ (ანუ სალოცავ) ტექსტებს, რომლებიც მთელი სისავსით გადმოსცემენ მართლმადიდებლურ დოგმატურ და სიმბოლურ სწავლებას. ეს უკვე ეხმარება მათ, გაიგონ და ჩაწვდნენ ქრისტიანული სწავლების სიღრმეებს.

წირვა-ლოცვის შემდეგ მორწმუნენი, ასევე, ისმენენ ქადაგებას, რომლის დროსაც სასულიერო პირი განმარტავს კონკრეტული დღის რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობას, წაკითხული სახარების მონაკვენის შინაარსს და ზოგადად, ქრისტიანული ცხოვრების მიზანს.

ამავდროულად , ბევრ ტაძარში მოძღვრები ატარებენ ხოლმე ე.წ. საკატეხეზო საღამოებს, რომლის დროსაც, ლექციების სახით, მრევლს განუმარტავენ ქრისტიანული სწავლების სხვადასხვა დარგებს  - წმინდა წერილს (ბიბლიას), დოგმატიკას, ლიტურგიას, ასკეტიკას, საეკლესიო სამართალს და ა.შ.

ასევე, უკვე არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ხარისხიანი სამეცნიერო და პოპულარული რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ეხმარება მორწმუნეებს ცოდნისა და განათლების დონის ამაღლებაში.

რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება ზეპირად იცოდეს მთელი ბიბლია და წმინდა მამების ნაშრომებიც, მაგრამ ამავდროულად, ათეისტი იყოს. ცნობილია, რომ კომუნისტურ პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში არსებობდა  ე.წ. მეცნიერული ათეიზმის კათედრები, რომელთა ხელმძღვანელებმაც  ზედმიწევნით იცოდნენ ქრისტიანული მოძღვრება, მაგრამ ამით უფრო ახლოს კი არა, არამედ უფრო შორს სცილდებოდნენ ღმერთს.

ამიტომ ღვთის შემეცნების გზაზე არ არის საკმარისი მხოლოდ რაციონალური მიდგომა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ღვთის მადლთან ზიარებას ენიჭება, რომელიც ისევ ლოცვით, მარხვით და ზოგადად, სრულფასოვანი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. წერა-კითხვის არმცოდნე მოხუცი გლეხი შეიძლება უფრო ახლოს იყოს ღმერთთან და შესაბამისად, უფრო მეტად გათვითცნობიერებული საღვთო ჭეშმარიტებაში, ვიდრე ზოგიერთი მეცნიერებათა დოქტორი.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ჩვენი მრევლისა და სამღვდელოების განათლების დონის ამაღლების საკითხში, პრობლემის ისეთნაირად დასმა, რომ მორწმუნეებს არ ესმით ელემენტარული ქრისტიანული ჭეშმარიტებანი, დიდი შეცდომაა.

- რატომ იჭერს მოწესეობა, წეს-ჩვეულებების აღსრულება უპირატესობას ქართველ მორწმუნეთა დიდ ნაწილში და ნაკლებად შემეცნება და აზროვნება?

-  მე არ ვიცი, ქართველ მორწმუნეთა რომელ კატეგორიას გულისხმობთ. თუ იმათ, ვისი ქრისტიანობაც ქართული სუფრის სადღეგრძელოებს არ სცდება, მაშინ დაგეთანხმებით , მაგრამ ის ძალზე მრავალრიცხოვანი ხალხი, რომლებიც ტაძართან, ღვთისმსახურებასთან და განათლებულ და სულიერ მოძღვრებასთან ახლოსაა, კარგად განასხვავებს, რა არის ხალხური ტრადიციული და გარეგნული და ამის საპირისპიროდ, რა არის არსებითი, შინაგანი და სულიერი.

თუმცა გეთანხმებით იმაშიც, რომ ხშირად ჩვენ მეტ ყურადღებას ვაქცევთ რწმენის გარეგნულ მხარეს, რომელიც ხშირად არცაა ქრისტიანული, ვიდრე არსებითს, შინაგანს და სულიერს. მაგალითად - რამდენი სანთლის დანთებაა აუცილებელი, რომელ ხატებთან და რა თანმიმდევრობით; ეკლესიაში შესვლა რომელ დღეებშია აუცილებელი და როდის აკრძლული, რომ არ ეწყინოს ტაძრის მფარველ ანგელოზს; ლოცვისას ეკლესიაში რომელ კუთხეში უნდა ვიდგეთ და როგორ უნდა გვქონდეს დაწყობილი ხელები; კაბა რამდენი სანტიმეტრითა და მილიმეტრით უნდა ფარავდეს მუხლს და ზოგადად, რა ფორმისა და დიზაინის ჩაცმულობას იწონებს ღვთისმშობელი და სხვა წმინდანები; რომელ დღეებში, საათებსა და წუთებშია დაშვებული მეუღლეებს შორის ინტიმური ცხოვრება და როდის ითვლება ეს მრუშობად და ბევრი სხვა მსგავსი სისულელე, რაც რწმენისადმი ფარისევლურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სიტუაციის გამოსასწორებლად, გეთანხმებით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ჩვენი ცოდნისა და განათლების დარგში.

– საქართველოში გაიზარდა ეკლესიების რიცხვი, თითქმის ყოველ დღე იზრდება მათი რაოდენობა, მოიმატეს მორწმუნეებმა, მართლმადიდებლობამ დაფარა დიდი ტერიტორიები, მან ყველგან შეაღწია. ამის გათვალისწინებით, რამდენად აისახება სიმრავლე, მოცულობის სიდიდე ხარისხზე? გახდა თუ არა ქართული საზოგადოება ამით უფრო ზნეობრივი, უფრო ტოლერანტული, ქრისტიანული ღირებულებების გამტარებელი?

მე არ ვარ სოციოლოგი და ჩემს ფუნქციაში არ შედის საზოგადოების აზრის, მსოფლმხედველობის ან ფასეულობების შესწავლა. მე ვარ მღვდელი და თეოლოგი, ჩემი მოვალეობაა ღვთის სიტყვის ქადაგება. XIX საუკუნის დიდი რუსი მწერალი და მოაზროვნე, თეოდორ დოსტოევსკი, წერდა, რომ „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დაშვებულიაო“. ანუ ქრება ზნეობის უზენაესი კრიტერიუმი - ღმერთი! ამიტომ, ეკლესია ცდილობს საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს გარკვეული ზნეობრივი პრინციპები, ანუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება.

ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ზნეობრივ ცხოვრებას. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს მორალური და შესაბამისად, ტოლერანტული პრინციპები. სახარებაში ნათქვამია, „რწმენა საქმეების გარეშე მკვდარიაო!“ ამავდროულად, მაცხოვარი იესო ქრისტე ამბობს, რომ ცოდვილებისთვის მოვევლინე ამ ქვეყანაზე და არა მართლებისთვისო.

საავადმყოფო ჯანმრთელებისთვის კი არა, ავადმყოფებისთვის შენდება ხოლმე, რათა ისინი გამოჯანმრთელდნენ, ეკლესიაც სულიერი საავადმყოფოა და ცოდვილების განსაკურნებლადაა დაარსებული. ობიექტურები რომ ვიყოთ, მრევლი არაა ერთგვაროვანი: ზოგი წელიწადში 1-2-ჯერ მოდის ხოლმე ტაძარში აღსარება-ზიარებაზე მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩაეთვალოთ“ მორწმუნეობა; ზოგი მოდის იმისთვის, რომ უფრო მეტი ილაპარაკოს არა საკუთარ ცოდვებზე, არამედ მეუღლეებზე, დედამთილ-სიდედრების, შვილების, ან მშობლების შეცდომებზე; მაგრამ უმრავლესობა მოდის ეკლესიაში გულწრფელად თავისი პირადი ცოდვების მოსანანიებლად და გამოსასწორებლად.

ამიტომ მე მწამს, რომ ქართველი მართლმადიდებელი მრევლი ზოგადად, უფრო ზნეობრივი, უფრო ტოლერანტული, ქრისტიანული ღირებულებების გამტარებელია, ვიდრე ღმერთისგან შორს მყოფი ხალხი. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი