|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

„გამოთქმა „ქართული კინოს ფენომენი" - ნაციონალისტური მითის ნაწილად მიმაჩნია“

დიდ დღესასწაულებს და მძიმე პერიოდებს (მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომს) ქართული ტელევიზიები ქართული ფილმების აქტიური ჩვენებით ეხმაურებიან. მაინც რა როლი აკისრია და რა ფორმაშია ქართული კინო დღეს, ძველი პრობლემებისა და ახალი გამოწვევების პირობებში?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი.

- საბჭოეთის ნგრევის შემდეგ გარდა ფინანსური კრიზისისა, გაჩნდა სათქმელისა და ფორმის კრიზისი ქართულ კინოში. თანაც სწორედ სახელოვან 60-თა თაობის რეჟისორებში. რატომ გაუჭირდა ქართული კინოს მამებს ასე ძალიან ახალ რეალობასთან ადაპტირება?

- "ადაპტირება" სწორედაც რომ ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ არ დანგრეულა ის მენტალური თვისებები, რაც საბჭოურ ცნობიერებაში არსებობდა. ასევე უნდა ითქვას რომ შეიცვალა "კინო", როგორც მოხმარების პროდუქტის პარადიგმა.

საბჭოეთში კინო არასოდეს ყოფილა კომერციული პროდუქტი, შესაბამისად დაინგრა "კინო" იდეოლოგიური დანიშნულება, რაშ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დიდ ფინანსებს ხარჯავდა. დაინგრა "ბანკი", მაგრამ ამავდროულად არ დანგრეულა ის დამოკიდებულება, რომელიც ამ "ბანკთან" ურთიერთობას გულისხმობდა. და იმ ქართული კინოს "მამებმა" სწორედ რომ ამ პროცესებთან ადაპტირება ვერ მოახერხეს. ისინი ვინც იმ პერიოდში "ხალტურას" აკეთებდა ფინანსების გარეშე დარჩენ, ხოლო ისინი ვინც იდეოლოგიას ემსახურებოდნენ ან ეწინააღმდეგებოდნენ - "ხატის"გარეშე. დარჩა მცირერიცხოვან ინტელექტუალთა ჯგუფი, რომლის ნაწილი პოლიტიკურ ისტერიას შეუერთდა. ხოლო მეორე ნაწილი ამავე პოლიტიკურმა ისტერიამ პირდაპირ თუ ირიბად აიძულა ქვეყნიდან წასულიყო.

- ქართულმა კინომ ოცი წელია (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) თავი ვერ დააღწია სიყალბესა და სათქმელის ხელოვნურობას. ბოლო პერიოდის ბევრი ქართული ფილმი საერთოდ არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში ოდესმე რაიმე ხეირიანი გადაღებულა და საერთოდ, რაიმე კინემატოგრაფიული კულტურა გაგვაჩნია. რამ განაპირობა ხელოვნურობის ეს ოცი წელი ქართულ კინოში?

- არსებობს ასეთი გამოთქმა "ქართული კინოს ფენომენი", რომელიც მე ნაციონალისტური მითის ნაწილად მიმაჩნია. ქართული საბჭოთა კინოს ისტორიაში სიყალბე და ხელოვნურობა განა ცოტა იყო?! სწორედაც რომ "ერთი-ორი" გამონაკლისი ქმნიდა ნამდვილ კინოს. იყო 2-3 რეჟისორი თუ სცენარისტი, რომელიც ქმნიდა მასშტაბუ კინოს და მათი სათქმელი ზოგადად ადამიანური სათქმელი იყო. ეს ადამიანები თავიანთი მსოფლმხედველობით კოსმოპოლიტები იყვნენ (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) დღეს სწორედ რომ სათქმელის ანუ ინტელექტის დეფიციტია.

ამასთანავე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო ოცი წელია (ანუ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ) არ არსებობს კინოს სკოლა, რასაც თავის დროზე "ВГИК"- წარმოადგენდა, ინსტიტუტი, სადაც საუკეთესო პროფესიონალები იზრდებოდნენ. იმ პროდიუსერებს, დღეს რომ გული შეტკივათ ქართული კინოს განვითარებაზე, გიორგი ლიფონავას, გიგა აგლაძის და სხვების უხარისხო პროდუქციაში ფულის ჩადებას, თუკი მართლა უნდათ კინოს აღორძინება, სწორედ რომ ხარისხიანი კინოს სკოლის შექმნაზე უნდა იზრუნონ, გაცილებით ადრე მიიღებენ შედეგს.

- კინო ვერ იტანს სიყალბეს, ალბათ ხელოვნების ყველა დარგზე მეტად. რეალობა, სინამდვილე მისისხეულია“, რატომ მოხდა რომ სწორედ კინო გაექცა რეალობას და არ ჩადგა სინამდვილის სამსახურში?

- მახსენდება ოთარ იოსელიანის ერთი ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ კინოს გადაღების, როგორც ასეთის, შესწავლა სავსებით შესაძლებელია, თუმცა მთავარია თუ რას იღებ, ანუ რა იდეაზე იღებ ფილმს. თუკი ვგულისხმობთ ვიზუალურ, ან ესთეტიკურ სიყალბეს (კადრის სიყალბე, მსახიობის არადამაჯერებელი ქცევა და .) ეს ალბათ არაპროფესიონალიზმის ბრალია, ეს დიდი ტრაგედია არაა და ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. უფრო დიდი ტრაგედია, რომელსაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ეს რეალობის ის ყალბი განცდაა, რომელიც აისახება თანამედროვე კინემატოგრაფში. თუმცა ვერც იდეურ სიყალბეს დავაბრალებთ თანამედროვე კინემატოგრფისტებს. ადამიანებს, რომლებიც შარდენის კაფის ფანჯრიდან შეიცნობენ სამყაროს ცოტა რთულია მეტი მოთხოვო - ესაა მათვის რეალობა. ხოლო მათ ვინც "ახალი ხმის" კონცერტს ელოდება, რათა საკუთარ ფავორიტს დაუმესიჯოს მეტი "რეალობა" არც აინტერესებს.

- რამდენად აქტიურია ქართული კინოკრიტიკა? როგორ ფორმაშია? რა შეუძლია და რას არ, ან ვერ აკეთებს დღეს?

- აქ გაცილებით ტრაგიკულადაა საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კინოკრიტიკოსები გაცილებით ინტელექტუალურებ და მოაზროვნე არიან, ვიდრე კინოს შემქმნელები. ასე რომ მათი ერთ ლიგაში დაყენება, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება.

- კარგი კინოს არქონა რამდენად აზარალებს (თუკი აზარალებს) სახელმწიფოს, საზოგადოებას?

- სახელმწიფოს არანაირად არ აზარალებს კარგი კინოს არქონა, ვინაიდან (მომიტევეთ მაღალფარდოვნებ) როგორც სახელმწიფოსთვის კინო შეიძლება იქცეს იდეოლოგიურ იარაღად მასების მართვისათვის (როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა), ასევე, კარგი კინო შეიძლება იქცეს სახელმწიფო იდეოლოგიის გამანადგურებლადაც.

დღესდღეობით კინოს აღარ ყავს ეგრეთ წოდებული ცენზორი სახელმწიფოს სახით, მაგრამ სახელმწიფომ მოახერხა და თვი მასა, ხალხი აქცია გარკვეულ ცენზორად, რომელიც არა თუ ამოჭრის ფილმიდან რომელიმე კადრს ან ეპიზოდს, არამედ საერთოდ ცივად, უემოციოდ უგულებელყოფს ფილმს. თუმცა, ქართულ კინემატოგრაფში, განსხვავებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურისაგან, მსგავს მაპროვოცირებელი პროდუქტი არ არსებობს. ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, კინოს შემქმნელი, ინტელექუალურად ბევრად არ აღემატება მომხმარებელს, აქედან წარმოიშვა გავრცელებული შეხედულება "ეს მოსწონს ხალხს".

ეს ალბათ თავის გამართლებაა იმ moviemaker-ის, რომელიც კარგ კინოს ვერ იღებს. ამიტომ ქართულ სახელმწიფოს, პირიქით, არა თუ აზარალებს, არამედ ასაზრდოებს კიდეც კარგი კინოს არქონა.

კინო და ხელოვნება ზოგადად, უმეტესწილად, კულტურულ პროვოცირებას ვერ ახდენს და სახელმწიფო ამ კარგად იყენებს. ერთგვრი დამცავი ფარიცაა მისთვის ხალხი. ხოლო ხალხის შეხედულება კულტურისადმი რამდენად გაუაზრეელია ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა.

უბრალოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და ამით დავამთავრებ რეზიუმირებას. არ მახსოვს რომელიღაც ფრანგმა ინტელექტუალმა თქვა, რომ "პოლიტიკა ცდილობს ჩვენს სარდაფებში შემოაღწიოს და ნახოს თუ როგორ ვკავდებით სექსით", საქართველოში ცოტა სხვაგვარადაა საქმე: პოლიტიკა (ამ სიტყვის იდეოლოგიური გაგებით) ცდილობს ჩვენს სარდაფებში შემოაღწიოს და გვიკარნახოს ის თუ როგორ ვიჟიმაოთ. ასე რომ ვიღაც იდიოტი ახლა ადგება და ამ აზრს პირდაპირი გაგებით მიიღებს და ამის გასამწვავებლად რნოგრაფიას გადაიღებს. მოკლედ, ჩემი აზრით, თანამედროვე კინემატოგრაფშიც ასე ხდება დაახლოებით - ჩვენ გვაძლევენ სექსის უფლებას მხოლოდ იმ წესებით, როგორაც თვითონ სურთ.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი