|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

ვაკო ნაცვლიშვილი: "სიღარიბეს ააფარეს ფერადი საღებავები"

საქართველოში სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები ცხოვრების ძირითად ფონს წარმოადგენს. სიღარიბე ყველგან აღწევს. დიდ სივრცეს მოიცავს. თუმცა რამდენად შეაღწია მან ხელოვნებაში?!

რამდენად გამოეხმაურნენ, ან „გამოესარჩლნენ“ მას ქართველი ავტორები.

აღნიშნულ საკითხებზე გვესაუბრება ირიბი მოქმედების კიბერ–თეატრის წევრი. ვაკო ნაცვლიშვილი.

– რამდენად ინტერესდებოდნენ სოციალური თემით ქართველი ავტორები? შიმშილი, სიღარიბე, ასე ვთქვათ, „პატარა ადამიანის“ ბედი რთულ ეპოქაში, რამდენად იყო ქართველ ხელოვანთა ინტერესის სფერო?

– დღევანდელ სიღარიბეს, შეგვიძლია, ვუწოდოთ პოსტკომუნისტური სიღარიბე. სიღარიბე რომელზეც, საბჭოთა გამოცდილების შიშით, გვგონია, რომ არავინ არის პასუხისმგებელი.

სახელმწიფო იტოვებს უფლებას, ნაკლები რესურსების ქონით გაამართლოს უმოქმედობა, ჩამოწეროს ადამიანთა შიმშილი და ინდივიდუალური სიღარიბის დასამარცხებლად გვთავაზობს მოუხელთებელ და ილუზორულ „თანაბარ პირობებს.“

თავად ამ ადამიანებს, სოციალურ დაუცველ ადამიანებს არ აქვთ რუპორი, რომ საკუთარი პრობლემების ხმამაღალი არტიკულირება შეძლონ. ხომ გახსოვთ ჟიჟეკის ანეკდოტი წითელ პასტაზე? მათ არ აქვთ წითელი პასტა, მათთვის არავის უსწავლებია წითელი პასტის გამოყენება. როდესაც ვუყურებ დევნილების გამოსვლებს, სადაც ითხოვენ, ელემენტარულ, მხოლოდ სიცოცხლისთვის საჭირო პირობებს, მეჩვენება, რომ მათი ხმა იხშობა და იკარგება.

ამ ფონზე, ადამიანები, რომლებიც სახელოვნებო სფეროში პრაქტიცირებენ, პირქუშად დუმან, არიდებენ მზერას შიმშილით დახრულ სახეებსა და ცხედრებს.

სოციალური გარემოს უგულვებელყოფის გამო, რჩება განცდა, რომ ისინი არ ცხოვრობენ აქ, ამ დროში და, აგამბენის დეფინიციის მიხედვით, საერთოდ არ არიან თანამედროვე მწერლები.

მე მჯერა, რომ მათ, უფრო სწორად, მხატვრულ ენას ბევრი რამ შეუძლია. მხატვრული ენა, მეტაფორა ძალაუფლების მქონეთათვის სახიფათოა და საშიში. კარგად ითქვა, რომ სიყვარული ერთი მეტაფორიდანაც შეიძლება, აღმოცენდეს.

– სიღარიბის თემით ადვილია სპეკულაცია. სპეკულირებენ კიდეც პოლიტიკოსები, მედია, სხვადასხვა ორგანიზაციები. რის შემდეგაც ტრაგედიები ფარსად იქცევა, დრამები  – სენტიმენტალურ ისტორიებად, სიღარიბე – სანახაობად. რამდენად შეიძლება იქცეს თამაშისა და სანახაობის თემად შიმშილისა და სიღარიბის პრობლემა ხელოვნაბაში? სად გადის ზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის? მაინც რა ფორმით უნდა აისახოს ეს საკითხი, რომ გადარჩეს სიყალბეს, სენტიმენტალობას, სპეკულაციას?  

– შესაძლოა, შეცდომა დაუშვა, ტრაგედია ფარსად აქციო, სიტყვა ვერ მოიხელთო, გადაამლაშო, მაგრამ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო, არის - დამალო სიღარიბე. დააკვირდით ურბანულ სივრცეს - სიღარიბეს ააფარეს ფერადი საღებავები, თვალები დაუხატეს,  გიფსოკარდონით შეფუთეს, რომ როგორმე არ გამოჩნდეს. ან დავაკვირდეთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას - თანამედროვე ქართულ ტექსტებში სიღარიბის გამოტოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ის, რასაც ეს ტექსტები ამბობენ.

– როცა ოფიციალური კულტურა  – არადეკვატურობით, „კომერციული“ ხელოვნება - გულგრილობით, ალტერნატიული კი - სნობური შემოტევებითაა დაკავებული, ეკლესია „დიდ პოლიტიკას“ აწარმოებს და „ღვთის გლახებისთვის“ არ სცალია, სახელმწიფო კი ბიუროკრატიულ მექანიზმს აქცევს პრიორიტეტად სოციალურ სფეროში, სად არის ღარიბების ადგილი. რა „ფუნქცია“ აქვთ მათ?   

– იონესკოს მოთხრობაა, თუ გახსოვთ - მოკლულის ცხედარი იზრდება, იზრდება, ჯერ ოთახში არ ეტევა, შემდეგ სახლს მოიცავს, ბოლოს სახლის საზღვრებს გაარღვევს. სიღარიბეც ასეთია, იგი მცოცავია და უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეეხება, სანამ ადექვატური სახელმწიფო პროგრამები არ იარსებებს, სანამ ღარიბებს არ გამოუყოფენ რელევანტურ ადგილს ბიუჯეტში. ეკლესიის ფუფუნება მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკის ფონზე ამორალურია, ეს გასაგებია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ პასუხიმგებელობა არის სახელმწიფოზე და მხოლოდ სახელმწიფოზე.

– ერის უამრავ „მამათა“ შორის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც სახელდებიან, ინტელიგენციად წოდებული მამები. რამდენად ჩანს მათი „მამობა“ მძიმე პერიოდებში, იგივე სოციალურად დაუცველ ადამიანებთან მიმართებაში? 

– ერის მამებს აწუხებთ ქართველობის დაკარგვა. ისინი ვერ იფიქრებენ ღარიბთა საკვებზე. საკვები ხომ ადრე თუ გვიან ფეკალიად იქცევა.



ავტორი: ეკა კუხალაშვილი