|
  • EUR 1 = GEL 4.0322
  • USD 1 = GEL 3.3255
|

ამბროსი მელქაძე – კარგი ხალხური სექსუალური პოეზია გვაქვს

ქუთაისში სულ უფრო ხშირად ჩნდება ნოსტალგია გასული საუკუნის 90–იან წლების ქუთაისური კულტურის მიმართ. როდესაც ე.წ. ალტერნატიულ ხელოვნებას ეკავა ქალაქის კულტურული სივრცის დიდი ნაწილი და არ თმობდა ტერიტორიებს ოფიციალური კულტურისთვის.

ალტერნატიულ ხელოვნებაზე, ხულიგნებზე, რელიგიის და დღევანდელი მოდური რელიგიურობის ირონიზების ფორმებზე newpress.ge-ს ესაუბრება პოეტი ამბროსი მელქაძე.

- რატომ იქცა თქვენი პოეზიისთვის ერთ–ერთი მთავარ სამიზნედ ეკლესია, მართლმადიდებლური კატეხიზმო (ყოველ შემთხვევაში დღეს რასაც ეკლესიას ეძახიან და მართლმადიდებლურ კატეხიზმოდ მიიჩნევენ)? რატომ გახდა თქვენს პოეზიაში, როგორც ამბობენ საზოგადოებისთვის ყველაზე სენსიტიური სფერო, სრულიად ირონიზებული, გადააზრებული და ამოყირავებული?

- ვერ ვიხსენებ ჩემს მიზანმიმართულ ანტიეკლესიურ ნაწერს. თუ ლიტერატურას ეკლესია დაუწყებს კრიტიტს, ბევრ ცოდვასაც აღმომიჩენენ, მაგრამ არა მგონია ეს მათი საქმე იყოს. ჩემი ტექსტების ანტიეკლესიურობა ფორმალურია.  ეს ფორმალურობა, და თუ მათში რამ ირონიაა, ადვილი შესაძლებელია იმან გამოიწვია, რომ ჩვენი საზოგადოება, ვიდრე სხვა რამით, უფრო მეტად რელიგიითაა მგრძნობიარე (თუმცა ცალკე საკითხავია მისი რელიგიურობა რამდენად კატეხიზმურია), ეს მართლა სასაცილოა...

- დღევანდელ ქართულ კულტურაში (მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც) ჩანან “ხულიგნები”, ხალხი, რომლებიც მათი ხელოვნებით პუბლიკის პროვოცირებას და (მცირე დროით მაინც) გამოფხიზლებას ახერხებენ. მაგრამ რამდენად მიდის ეს ხულიგნობა „დანაშაულისკენ“? რადგან ალბათ „დანაშაულის“ გარეშე არ იქმნება დიდი ხელოვნება. რამდენად არსებობს იმის რესურსი, გაბედულება და ნიჭი რომ მნიშვნელოვანი „დანაშაული“ ჩაიდინონ „ხულიგნებმა“ კულტურაში?

- დანაშაული ვის ან რის წინაშე? მე მიმაჩნია, რომ, მაგალითად აკაკი და ილია ხულიგნობას არაფრით დაიწუნებდნენ, მეტიც ამ საქმეში უფრო ნიჭიერებას და გაბედულებას მოიწონებდნენ. მე შენს კითხვაში ბრჭყალებში დღევანდელ ქართულ კულტურას ჩავსვამდი. ვის რა შეუძლია უკვე ჩანს ან მომავალში გამოჩნდება. თუ ხელოვნების საზომად ხალხის გამოფხიზლების ხარისხს ავიღებთ, ხომ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სახარბიელო არაფერი გვაქვს?!

- 90–იან წლების ქუთაისში კულტურული სივრცე ალტერნატიულ კულტურას ეკავა ის ითვლებოდა „ძირითად“ კულტურად.  კულტურის პოლიტიკას ისინი წარმართავდნენ. ჩნდებოდა იმის ალბათობა რომ „ალტერნატიულები“ გადავიდოდნენ ოფიციალურ კულტურაში, ანუ ნონკონფორმისტები იქცეოდნენ კონფორმისტებად. მაგრამ ასე არ მოხდა. ისინი გაქრნენ, წავიდნენ ან უმცირესობად შემორჩნენ. მათ გზა სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ხელდასხმულ ოფიციალურ კულტურას დაუთმეს. რამ განაპირობა ეს დათმობა?

- ოფიციალურ კულტურას ალტერნატიული კულტურის დასათმობი არაფერი სჭირს, პირიქით, მას თუ დაათმობინებ რამეს, აი, აქ გამოჩნდება ხელოვანის ნიჭი და გამბედაობა. და სხვა რა უნდა ქნას ალტერნატიულმა არტისტმა, თუ ნონკომფორმისტად არ მოკვდა, თუ არ გაქრა? - თუმცა გაქრობა, სასიხარულოდ, ერთბაშად არ ხდება, ესაა თაობების ერთი უწყვეტი ჯაჭვი, მართალია, ამ ჯაჭვის ზოგი რგოლი ტარიელის მკლავივით მსხვილია, ზოგი ძაფივით წვრილი, მთავარია, რომ არსებობს. მხოლოდ რგოლში მოქცეულთა უნარზეა დამოკიდებული რგოლის სიმსხო - სიწვრილე. ვერავის ვერაფერს დააბრალებ, მით უმეტეს - მთავრობას, რომელსაც მისი გზის თუნდაც პარალელური გზა არაფერში ჭირდება.

- ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა სექსი საქართველოში მარტო სოციოლოგიურ გამოკითხვებშიაო. მისი შემჩნევა ალბათ კიდევ პოეზიაში შეიძლება. რა შანსები აქვს სექსს დღევანდელ საქართველოში? რამდენად არის შესაძლებელი მისი „რეაბილიტაცია“ ან სულაც დამკვიდრება ქართულ კულტურაში?

- სექსი ლიტერატურაში სექსი არ არის. უბრალოდ მას (სექსს ლიტერატურაში) და მის მიმღებლობას შეუძლია ადამიანების, ხალხის სილაღე გვაჩვენოს. ჩვენ კარგი ხალხური სექსუალური პოეზია გვაქვს, ადრე თუ გვიან ჩვენი ბოკაჩოც გვეყოლება და მარკიზ დე სადიც. ვიმედოვნებ არ ავყვებით ზოგიერთი დაწესებულების პროვოკაციას და მათი არმოსაწონი წიგნების ყველა ეგზემპლარს მაინც არ გავანადგურებთ

 

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი