|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მეორე პირს, 1989 წელს დაბადებული ი.გ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაუზერის“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა